Monday, July 19, 2010

დღე მესამე


ჩემი ცხოვრების ბოლო პერიოდში ვერ ვიტანდი ღამეს. საქმე იმაში არ არის, რომ ღამე ძალიან დაღლილი ვიყავი ან, რომ ყველა მეგობარს უკვე ეძინა და ვერავის ნახავდი და ვერსად წახვიდოდი. საქმე სხვა რამეშია. ვერ ვიტანდი იმიტომ, რომ უნდა მეთქვა ნახვამდის. უნდა დავმშვიდობებოდი სადღაც 8 საათით ჩემს სიყვარულს. როგორც წესი ეს ყველაფერი ჩხუბით, წყენით, გაბუტვით, ნერვიულობით და "დაგრუზვით" მთავრდებოდა, თუმცა რაც არ უნდა ტკბილი სიტყვები გვეთქვა ერთმანეთისთვის, ამ განშორებას მაინც ვერ ვიტანდი. ეს ყველაფერი იმდენ ხანს გრძელდებოდა, რომ ღამის მოახლოებასთან ერთად ლამისაა პანიკა მეწყებოდა.
წარმოიდგინეთ ჩემი განცვიფრება როდესაც ამ ყველაფრის მერე მე დღეს ის განშორება ვინატრე. თურმე რა საოცრება ყოფილა როდესაც შენს საყვარელ ადამიანს გინდაც დიდი ჩხუბის და ურთიერთ ლანძღვის მერე ეტყვი ღამე მშვიდობისა სიხარულო! მალე დაიძინე და მე სიზმარში გესტუმრები! ტკბილ სიზმრებს გისურვებ!
პატარა სამოთხე რომელშიც ახლა მზად ვარ ბევრი მივცე. ეჰ .... მაგრამ სადაა ამის ბედნიერება. ისევ თავს ვიწყნარებ იმით, რომ ხვალ 4 საათისთვის დამხვდება ახალი წერილი, რომელშიც გრძნობები გაიღვიძებს და გარეთ ამოხეთქავს ვითარც ვეზუვის ვულკანი. მე კი სიამოვნებით ჩავეფლობი მის მწვავე ლავაში და გულს გავითბობ 24 საათით, შემდეგ წერილამდე.

No comments:

Post a Comment